მარიამ დათუსანი არის კვალიფიციური ფსიქოლოგი, რომელსაც მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ხოლო ბაკალავრის ხარისხი — საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამ ეტაპზე იგი გადის ფსიქოთერაპევტის ლიცენზირებას.
მისი პროფესიული ექსპერტიზა მოიცავს კრიზისული სიტუაციების მართვას, ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქო-სოციალურ შეფასებას. მარიამის მთავარ ინტერესს წარმოადგენს მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობა, კვლევითი საქმიანობა და ფსიქო-სოციალური ინტერვენციის პროგრამების შემუშავება.
2017 წლიდან მარიამი აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სფეროში. ამჟამად იგი დასაქმებულია ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, სადაც არის კლინიკური ნეიროფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის მასწავლებელი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე, ასევე იკავებს მოსწავლეთა კეთილდღეობის კოორდინატორის პოზიციას.
წლების განმავლობაში იგი მუშაობდა „ევროპულ სკოლასა“ და სკოლა „ცისკარში“, სადაც ახორციელებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებს, ქცევით ანალიზსა და სტრატეგიების შემუშავებას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით.
მარიამი ასევე აქტიურადაა ჩართული ფსიქოგანათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. იგი ატარებს ტრენინგებს მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით და მონაწილეობს ვიდეო-რგოლებში ემოციური კეთილდღეობის საკითხებზე.











